ელზა პაპოშვილი
(22.09.2023)

ჯერ კიდევ უცნობია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის  ოთარ გელაშვილის ჯერ გატაცების, შემდეგ კი სასტიკად ცემის და წამების მიზეზი. ის უგონო მდგომარეობაში გარდაბნის ტყეში მწყემსებმა იპოვეს, ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. 

ის დაუნდობლად სცემეს ხელკეტებითა და ბეისბოლის ჯოხებით. მას დამძვრალი აქვს ფრჩხილები და სავარაუდოდ, ნაწამებია. საქმეზე  დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, კიდევ ერთი ბრალდებული კი ქვეყნიდანაა გაქცეული, რომლის ადგილსამყოფელს დაკავებული არ ამხელს და ამბობს, რომ არც პროფესორს და არც გაქცეულ პირს არ იცნობს. 

გამოძიება, სავარაუდოდ, ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთის მიხედვით პროფესორზე ანგარიშსწორების მიზეზი მისი  ბიზნეს-საქმიანობაა. ერთ-ერთი ვერსიით, გელაშვილმა გარდაბანში მიწა იყიდა და მისთვის ფულის წართმევა სცადეს, მეორე ვერსიით კი ის წილს ფლობდა ერთ-ერთ შპს-ში და პარტნიორებთან კონფლიქტი ჰქონდა.    

„ბეისბოლის ჯოხით ძვლები დაუმტვრიეს, ფრჩხილები დააძვრეს და მომაკვდავი ტყეში მიატოვეს. ერთთვიანი კომის შემდეგ კი საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. იმედი გვქონდა იქნება გონზე მოსულიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბევრი იწვალეს მედიკოსებმა მის გადასარჩენად, თუმცა თავზე იმხელა დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რომ ვერ გადარჩა. არავინ იცის, რა მოხდა. კაცი გაუჩინარდა და შემდეგ გარდაბნის ტყეში მწყემსებმა სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ორი სხვდასხვა ვერსია აქვს ოჯახს. ერთის მიხედვით მან მიწის ნაკვეთი იყიდა და ფულის გამოძალვა ანუ წართმევა გადაწყვიტეს. მეორე ვერსიით კი წილი ჰქონდა და პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა. 23 წლის ბიჭია დაკავებული, არ ვიცით ვინაა და იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, მეორეზე კი პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. ყველა გამოძიებას ელოდება და იმის გაგება, რა დაუშავათ ამ კაცმა ასეთი, რომ ასე  სასტიკად გაიმეტეს,“ - აცხადებეს გარდაცვლილი ლექტორის ახლობელი.  

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით კი მათი პროფესორი ოთარ გელაშვილი მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინწინ  გარდაიცვალა. 

„40 დღის წინ ერთი დღე იყო საღამოს შვიდი საათიდან დილამდე მიუწვდომელი. შემდგომში ის იპოვეს რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით. გაუკეთდა ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოყვანილ იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონ ოთარ გელაშვილი გარდაიცვალა გუშინ დილას... ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით,“ - ამცხადებს რექტორი.             

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე