ელზა პაპოშვილი
(21.09.2023)

ნიდერლანდებში ქართველი ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, მკვლელობა მწერლის გოჩა მანველიძის 28 წლის შვილს, თორნიკე მანველიძეა ეჭვმიტანილი. მას ამ დრომდე ეძებენ. მათი ინფომაციით,  19 სექტემბერს, მანველიძემ საქართველოს მოქალაქე, მარტვილში მცხოვრები 32 წლის  შოთა საკანდელია მოკლა.   

შემთხვევა ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში მოხდა, როდესაც თორნიკე მანველიძემ შოთა საკანდელიას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ორივე მათგანი ნიდერლანდებში პოკერის საერთაშორისო ტურნირზე იყო ჩასული. 

„პოლიცია ეძებს საქართველოს 28 წლის მოქალაქეს, რომელიც ღამით სასტუმროში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და მსხვერპლს დანა რამდენჯერმე დაარტყა. თუკი ამ ახალგაზრდა კაცს ვინმე ამოიცნობთ ან სადმე შეხვდებით, დაუყოვნებლივ პოლიციაში დარეკეთ, ან ანონიმური შეტყობინება გააგზავნეთ. მას არ მიუახლოვდეთ, რადგან თანამემამულის მკვლელობაშია ბრალდებული,“ - აცხადებს ნიდერლანდების პოლიცია.

ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რა გახდა შოთა საკანდელიას მკვლელობის მიზეზი. ისინი, ამ ეტაპზე, ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან და ამბობენ, რომ ის 3 წელია, რაც  საზღვარგარეთ ცხოვრობდა.  

„საერთოდ არაფერი ვიცით, რა მოხდა, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ქართველს მოუკლავს. რატომ რისთვის, ოჯახმაც არ იცის. უკარგესი და უნიჭიერესი ბიჭი იყო. არ ვიცით, იქ რა მოხდა. ამბობენ, რომ ჩხუბი ყოფილა და ეს სრულიად შემთხვევით არის მკვდარიო. ამ ბიჭთან ერთად ჩაფრენილა ნიდერლანდებში და ეს რატომ მოკლა, არ ვიცით. ალბათ უფრო ბევრი დეტალი გახდება ცნობილი. ჯერ ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან,“ -ამბობს მოკლული ბიჭის მეზობელი. 

ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოსა და აღწერილობას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დანახვის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ დამნაშავეს და დაუყოვნებლივ დაურეკონ 112-ს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე