ელზა პაპოშვილი
(20.09.2023)

დოლიძის ქუჩაზე დატრიალებული უმძიმესი ფაქტის შემდეგ კვლავ გაუცემელია  პასუხი კითხვებზე, რა მოხდა 27 ნომერში მე-11 სართულზე, სადაც კრიმინალური პოლიიცის 55 წლის თანამშრომელმა გურამ ქადეიშვილმა ჯერ ყოფილი ცოლი, შემდეგ კი სიდედრი სამსახურეობრივი  იარაღით მოკლა. მერე კი თვითმკვლელობა სცადა. 

ამბავს ის ფაქტიც ამძიმებს, რომ მკვლელობას მისი არასრუწლოვანი გოგონებიც შეესწრნენ. მოკლული ქალის ვერიკო  ქუმსიშვილის მეგობრები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი უკვე ერთი წელია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ოფიციალურად განქორწინებულები არ იყვნენ. ისინი ერთადაც რამდენჯერმე დაინახეს, როცა შვილებს სკოლაში აკითხავდნენ. 

ქალის ახლობლებს მკვლელობის ორი ვერსია აქვთ, ერთის მიხედვით მამაკაცი ყოფილ ცოლზე ეჭვინობდა, მეორე ვერსიით კი შერიგებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი  მოკლა. არ გამორიცხავენ, რომ სროლის დროს შვილს დედა გადაეფარა და ირინე  ქუმსიშვილს ტყვია ასე მოხვდა. 

ორმაგ მკვლლეობაში ბრალდებული პოლიციელის მდგომარეობა კი  უმძიმესია. მედიკოსები ამბობენ, რომ ის კომაშია და არავინ იცის გამოსავალი როგორი იქნება. მას საფერთქელში გამჭოლი ჭრილობა აქვს, რაც თავის უმძიმესი დაზიანების მიზეზი გახდა.    

„თითქმის ერთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობს. ძალიან მოსიყვარულე მამა იყო. წყვილს შორის რა მოხდა და რა იყო დაპირისპირების მიზეზი, არ ვიცით. ეს ბიჭი ბავშვებს სკოლაში აკითხავდა, გოგონებს მამა ძალიან უყვარდათ და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს წყნარი და მშვიდი მამაკაცი ამას იზამდა. თავად ვერიკოსთან  ერთადაც დამინახია. სკოლაში ბავშვებს აკითხავდნენ. არც ვიცოდით, რომ ერთად არ იყვნენ. დედა საზღვარგარეთ ყოფილა სამუშაოდ. ახლა დაბრუნებულა და შვილთან ერთად დოლიძეზე, ყოფილი ქმრის მეზობლად ბინა იქირავეს. ბავშვების გამო, რომ სკოლასთანაც ახლოს ყოფილიყვენ და მამასთანაც. ეს ბიჭი სახლშიც მიდიოდა და ჩვეულებრივად ბავშვებთან ურთიერთობდა. 

„ერთი ვერსიით მან ცოლს ტელეფონზე დაურეკა და რაღაცაზე იჩხუბეს. ამის შემდეგ კი იარაღით მივიდა, კარზე დააკაკუნა, ცოლმა კარი გაუღო და შესვლისთანავე ჯერ ვერიკოს  ესროლა, შემდეგ მის დედას და ორივე ადგილზე მოკლა. ამის შემხედვარე ბავშვები ისტერიკაში ჩავარდნენ და ყვიროდნენ, როცა მიხვდა რა ჩაიდინა, თავში ისროლა. ამბობენ კიდევ, ვიღაც იყო სახლში და მან თავს გაქცევით უშველაო. პოლიცია ბავშვებს ეუბნებოდა, დედა ცოცხალია არ შეშინდეთო, ატყუებდნენ, რადგან ბავშვები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. იხვეწებოდნენ, რომ სასწრაფოს გავყვებითო. ბოლოს გაიგეს, რომ დედაც და  ბებიაც  გარდაიცვალნენ. ბავშვების მდგომარეობას ვერ აღვწერ, უმძიმესია“, - ყვება მოკლული ქალის ახლობელი „რეზონანსთან“. 

მოკლული დედა შვილი ირინე და ვერიკო ქუმსიშვილები ახლობლებმა ეკლესიაში გადაასვენეს. მათ ხუთშაბათს დაკრძალავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვერიკო ქუმსიშვილი უახლოეს დღეებში უცხოეთში წასვლას გეგმავდა. არსებობს ვარაუდი, რომ  ყოფილ ქმართან დაპირისპირების მიზეზი ეს ფაქტიც გახმდარიყო.    

დოლიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ისევ მუშაობენ. გამოიკითხნენ მეზობლები და თვითმხილველები. საქმეზე ძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე