ელზა პაპოშვილი
(18.09.2023)

ბოლო 2 დღეში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი ყაჩაღობა მოხდა - ორივე შემთხვევაში ყაჩაღები ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. ერთმანეთის მიყოლებულ თავდასხმებს კი ადგილობრივები თხილის მოსავლის სეზონს უკავშირებენ.

რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სოფელ ჭალეში ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღა. მათ იარაღის მუქარით 250 ლარის წაღება შეძლეს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ოჯახის უფროსს, ჯანოკო ხასაიას, რომელსაც თავში იარაღის "კონდახი" ურტყეს, რის გამოც მას რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. 

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მძარცველები მათ ფულის არმიცემის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. ხოლო როდესაც გაიგეს, რომ ამის მეტი თანხა არ ჰქონდათ, გაბრაზებულებმა მამაკაცს თავში კონდახი ჩაარტყეს. მძარცველებმა გაქცევა და მიმალვა შეძლეს.  დაზარალებული მამაკაცი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.  

ზუსტდ მსგავსი ყაჩაღობა მოხდა ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, აქაც გვიან ღამით რამდენიმე პირმა სახლი დააყაჩაღა. წინასწარი ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი შეიარაღებული იყო. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის მხოლოდ ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც მათ მძევლად აიყვანეს. როგორც ოჯახის წევრი ამბობს, წაღებულია 17 ათასი ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის ჩაბარებითა და ცხვრის გაყიდვით ჰქონდა მოგროვებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.  

„ერთ დროულად ორ სოფელში მსგავსი ძარცვა მოხდა. ერთ შემთხვევაში 17 ათასამდე ლარია წაღებული, მეორე შემთხვევაში კი 250 ლარი, როგორც ჩანს, აქ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. არსებობს მოსახლეობაში ვარაუდი, რომ ერთი და იგივე ჯგუფია. 

„ორივე შემთხვევაში მსგავსებაა, როგორც აღნაგობის, ასევე საუბრის და ქცევის მანერაშიც. ვვარაუდობთ, რომ ეს ძარცვის ფაქტები თხილის ჩაბარების სეზონს უკავშირდება. ახლა ყველამ იცის, რომ ჩვენთან თხილის მოსავალია და მისი ჩაბარების შემდეგ ხალხს სახლში ფული აქვს. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, რომ ყაჩაღები აქაურები არიან და ძალიან კარგად იციან ვინ როდის ჩააბარა და სახლში რამდენი აქვთ. 

„შიში გვაქვს ყველას, რომ ხვალ და ზეგ შემდეგნი ჩვენ არ ვიყოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიცია მათ კვალს მიაგნებს. ასე თავისუფლად მათი თარეში ძალიან საშიშია, ვინმე არ შემოაკვდეთ და რამე უბედურება არ მოხდეს“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე