ელზა პაპოშვილი
(12.09.2023)

მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით, სადაც პოლიციამ ჯამში ნარკოდანაშაულის ფაქტზე  46 პირი დაკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზაციის ბრალდებით.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.  

ერთ-ერთი მათგანია უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს ე.წ. დადების პრინციპით სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა. სხვა დაკავებული პირები  კი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. 

სპეცოპერაციის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„უკრაინელმა ქალბატონმა  ცხრა ლოკაციაზე განათავსა, სვეტიცხოვლის ეზოში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ეს ჯგუფი. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია რამდენიმე, მაგრამ, ამ ეტაპზე, დაკავებულია სამი პირი“, - განაცხადა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე