ელზა პაპოშვილი
(14.08.2023)

იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს და იტალური მედიის ინფორმაციით, მისი მშობლები ქართველები არიან. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჩვილი ნაგავსაყრელზე ქალმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. სწორედ ძაღლის დახმარებით მოხდა ბავშვის აღმოჩენა, რის შემდეგაც მისმა პატრონმა პოლიციაში დარეკა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ახლაშობილს ჭიპლარი ახალი მოჭრილი ჰქონდა და ის რამდენიმე საათის დაბადებული უნდა ყოფილიყო.

 პოლიციამ დედის კვალს მალევე მიაგნო და ის საქართველოს მოქალაქე 23 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც იტალიაში ახალი ჩასულია. გამოძიებითვე დადგინდა, რომ ბავშვის მამაც ქართველია. დედა და ახალშობილი ახლა კლინიკაში იმყოფებიან და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. როგორც ირკვევა ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ჯამრთელი ბავშვია.   

„ბავშვი ნაგავსაყრელზე ძაღლმა აღმოაჩინა. მას მეპტრონე ასეირნებდა და ძაღლმა ის ბავშვის კვალამდე მიიყვანა. ამის შემდეგ კი მან პოლიციაში დარეკა. ბავშვი სიკვდილისგან ძაღლმა და მისმა პატრონმა იხსნეს. ახალშობილი ჯანმრთელია, ის 3 კილოგრამს იწონის. პოლიციამ  დედის იდენტიფიცირება მალევე შეძლო. ის საქართველოს მოქალაქეა და იტალიაში ახალი ჩამოსულია, ბავშვის მამაც მისი თანამემამულეა.  

დეტალების გამჟღავნების უფლება არ გვაქვს, თუმცა მთავარია, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს. მას ლორენცო დავარქვით და  ახლა თავს კარგად გრძნობს. მის დასახმარებლად მუნიციპალიტეტმა სოლიდარობის კამპანიაც კი წამოიწყო და იმედი გვაქვს, რომ მას კარგი მომავალი ექნება. გამოძიება მიდის და მიმდინარეობს მოკვლევა, რატომ გახდა დედა იძულებული, რომ ბავშვი ამ მდგომარეობაში დაეტოვებინა," - აცხადებს მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისების სამსახურის უფროსი იტალიურ მედიასთან.   

ტარანტოს პოლიციამ საფრთხის შემცველ გარემოში ჩვილის მიტოვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს 23 წლის მოქალაქეს ბრალი წარედგინოს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე