ელზა პაპოშვილი
(24.10.2022)

ქვემო ქართლში მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. დაშავებულს 4 ტყვია ქვედა კიდურების არეში აქვს მოხვედრილი. არიფ აზიზოვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

პოლიციამ უკვე ამოიღო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული მარკეტის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივები გუშინ მომხდარი დაპირისპირების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ არიფ აზიზოვის დაჭრა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას ეხება.

დაჭრილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კრიმინალების მიერ "ფულის შეწერაზე" საუბრობს და ამბობს, რომ სოფლიდან ერთ კაპიკსაც ვერ წაიღებენ. 

„გავიგე, რომ ვიღაცები სოფლის მოსახლეობას ურეკავენ და ფულს აწერენ. ამბობენ, რომ კონკრეტული თანხა უნდა გადაიხადონ, ვინ არიან ასე რომ იქცევიან, არავის აქვს უფლება გარედან გვიკარნახოს როგორ ვიცხოვროთ. მივმართავ ყველას დღეს ვინც ამ თემითაა შეწუხებული, ნებისმიერ დროს დამიძახეთ და თქვენ გვერდით დავდგები. 

„დღეს პოლიტიკის გამო რომ ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ამით სარგებლობენ, მათ ხლეჩენ და ასუსტებენ, ეს სოფელი ყიზილაჯლოა, ძლიერი სოფელია, მივმართავ მათ, ვინც ჩემს თანასოფლელებს ურეკავს და აწუხებს, მანქანა და ფული უნდა გაგვიყო, ამის უფლება არ გაქვთ. სოფელში მასიური შემოსევაა, 15-20 ოჯახს ერთად ასი ათასის გადახდა მოსთხოვეს, ამას ვერ ეღირსებით, 100 000-ს კი არა, ერთ კაპიკსაც ვერ წაიღებთ ამ სოფლიდან, მე ამას არ დავუშვებ", - ამბობს დაჭრილი პირი ვიდეო მიმართვაში. 

ადგილობრივების თქმით, ფეხში დაჭრილი კაცი საკუთარი მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. ისინი დაჭრის ფაქტს ამ ვიდეოს გავრცელებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ე.წ. კრიმინალურმა სამყარომ მასზე შური ამ ფორმით იძია. 

„რამდენიმე გასროლის  ხმა გავიგეთ. ჩვენი თანასოფლელი დაჭრეს. დიახ მან სოციალურ ქსელში საჯაროდ კრიმინალების ქმედებები დაგმო, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით არის თუ არა მომხდარი, ამის გამო შურისძიება. როგორც ამბობენ სოფელში ბევრ ადამიანს ფული შეაწერეს და ეს ადამიანი სწორედ ამის გამო გამოხატავდა აღშფოთებას", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

თავდასხმის დროს დაზარალებული მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც არიფ აზიზოვის ძმა ამბობს, დაჭრა მის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვას უკავშირდება. დაწყებულია გამოძიება.

„ჩემი ძმა ახალი ჩამოსულია რუსეთიდან. მან მალე გაიგო, რომ ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი თანასოფლელებს ფულს იძულებით ართმევდა. იყო შემთხვევა, როდესაც ავტომობილი დაწვეს, მკვლელობაც კი მოხდა. ჩემმა ძმამ ამის შესახებ იცოდა, ამიტომ პირად Facebook გვერდზე დაწერა, რომ ეს მისთვის მიუღებელი იყო. სწორედ ეს არის დაჭრის მიზეზიც. ჩაიხანიდან გამოსულს 5 ტყვია ესროლეს, 4 მას მოხვდა," - ამბობს დაზარალებულის ძმა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე