ელზა პაპოშვილი
(02.07.2022)

 მორიგი უმძიმესი დანაშაული, სადაც მოკლული ისევ ქალია - ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა ქუთაისში, 36 წლის თინათინ ტურაბელიძეს ყოფილი ქმარი დავით ცერცვაძე, სავარაუდოდ, სასტიკად გაუსწორდა. ქალს მისსავე სახლში მამაკაცმა ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რის შდეგადაც ადგილზევე დაიღუპა. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა მეზობლებმა ვერ მოასწრეს. სახლში შესულებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მათ მოახერხეს და დამნაშავე პოლიციის მოსვლამდე ბინაში ჩაკეტეს.  

 ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზევე დანაშაულის იარაღით  ხელში აიყვანეს. მათ არასრუწლოვანი შვილი დარჩათ, რომელიც მკვლელობის დღეს სახლიდან მამიდამ წაიყვანა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალი ქმარს 7 წლის წინ გაშორდა. ის კი ამ დროის განმავლობაში მას შერიგებას სთხოვდა, სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზით ქალის მხრიდან მორიგი უარი გახდა. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ის ნაქირავებელ სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა.  

გვიან ღამით მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ დეტალებს მეზობლები ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქალი მარტო იმყოფებოდა, როდესაც ბინაში მასთან ყოფილი ქმარი მივიდა, მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს, სადაც ქალი დახმარებას ითხოვდა. 

ადგილზე მისვლისას კი ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ, თუმცა ბინაში შესვლა მაინც მოახერხეს. სახლში შესულებს შემზარავი სურათი დახვდათ. ქალი უკვე მოკლული იყო და დამნაშავე იქვე იმყოფებოდა. მეზობლებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და კარი გარედან დაუკეტეს. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, მათი თქმით, წყვილი ერთმანეთს 7 წლის წინ დაშორდა, დაშორების მიზეზი კი, კონფლიქტი და ქალზე ძალადობა იყო. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მეუღლე ქალს შერიგებას სთხოვდა. 

„გვიან ღამით ქალის ყვირიდლის ხმა გავიგეთ. მეზობლები გარეთ გამოვვარდით და ვნახეთ, რომ ხმაური მეორე სართულიდან ისმოდა. მეზობლის ბიჭია პოლიციელი და ის შევარდა. ქალი უკვე დანით დაჩეხილი ჰყავდა. ის ყოფილი ქმარი შიგნით იყო. გამოვედით და კარი გარედან ჩავუკეტეთ. ამ ბიჭმა, პოლიციელმა გარედან კარის სახელური გამოაძრო და ასე ჩაკეტა. პოლიცია რომ მოვიდა, დააკვეს.

„უკარგესი გოგო იყო. რამდენიმე წელია აქ ქირით ბავშვთან ერთად ცხოვრობს. წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული იყო. ქმარს 7 წელია რაც გაშორდა და შერიგებას სთხოვდა. ბავშვი ჰყავთ ერთი, რომელიც სახლიდან მამიდას წაუყვანია. 

„ეს ვაჟბატონი ცოლთან მისულა და გოგო რა აზრზე მოვიდოდა რომ მოკლავდა. სახლში შეუშვია. სთხოვდა რომ შემირიგდიო. ამის გამო ყელი გამოჭრა. ყველა გაოგნებულები ვართ, მისი შველა ვერ მოვასწარით“ - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე