რეზონანსი
(08.05.2024)

აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდებს იყენებენ თავიანთი ზრახვების განსახორციელებლად. ეს არის სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობა საქართველოში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორების მთავარი ამოცანაა, შეცვალონ ხელისუფლება, რომ ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს ძალა, რომელიც გარე ძალების შეკვეთებს შეასრულებს.

„ეს ვითომდა მშვიდობიანი აქციები, რომლებიც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც ძალადობრივი, უფრო და უფრო საშიშ ხასიათს იღებს.

დღეს ჩვენ ვიხილეთ სუს -ის განცხადება, რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დაგეგმილია ძალიან სერიოზული პროვოკაციები და ეს განცხადება მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ განცხადების უკან მათ აქვთ მტკიცე არგუმენტები და სამხილები.

წარმოიდგინეთ რაოდენ რეალურია ეს საფრთხე და როგორ არის დაგეგმილი. მინდა გარკვეული პარალელი გავავლო სუს-ის განცხადებასა და იმ აშკარა ფაქტებს შორის, რაც შეინიშნება. ჩვენ აქციების მონაწილეთა მხრიდან ვიხილეთ პოლიციელების მიმართ ვითომდა ლმობიერი დამოკიდებულება - ჩუქნიან ყვავილებს, ტუჩსაცხით ფარებზე აკეთებენ სხვადასხვა წარწერებს და ა.შ. ასევე, ვიხილეთ ახალგაზრდა წყვილი საქორწინო სამოსით. ანალოგიური კადრები ვრცელდებოდა უკრაინის მაიდანიდანაც. ვნახეთ, რომ ვიღაც ქუჩაში უკრავდა ფორტეპიანოს და ეს მოხდა მაიდანის აქციებზეც. ანუ ვითარდება აბსოლუტურად ერთი და იგივე სცენარი.

აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი - დააჯერეს სიცრუე და ახლა მათ ჰგონიათ, რომ ისინი იბრძვიან ევროკავშირისთვის. ვერ აცნობიერებენ, რომ ძალადობრივი გამოსვლები და ვითომ მშვიდობიანი მიტინგი არის სწორედ ევროინტეგრაციისათვის ხელის შეშლა.

ახალგაზრდების გამოსვლა აქციებზე საშიშია მათი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვნახეთ ფარული ჩანაწერები, სადაც ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს - რა მოხდა მერე, თუ ვინმე თვალს დაკარგავს, ჭყლეტაში მოხვდება თუ დაიჭერენო.

ფაქტობრივად ახალგაზრდებს იყენებენ თავიანთი ზრახვების განსახორციელებლად - ეს არის სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობა საქართველოში. მათი უპირველესი ამოცანაა, რომ შეცვალონ ხელისუფლება იმ მიზნით, რომ მმართველობაში მოვიდეს ის ძალა, რომელიც გარე ძალების შეკვეთებს უყოყმანოდ შეასრულებს," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე