რეზონანსი
(24.04.2024)

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ იმდენი, რამდენიც „ნაცმოძრაობისთვის“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ევროპარლამენტართა მოწოდებები და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ასეთი დეპუტატების რიცხვი ცოტაა.

„ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეყუდნოდეს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ევროპარლამენტში იმდენად ცოტაა, რომ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ჩარევის მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეცვლიან. სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კულმინაციაა რამდენიმე ევროპარლამენტარისგან საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის დასანქცირების მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილსა და დეპუტატებზე უკვე შეჩვეული ვართ. აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომლის ადრესატიც უფრო პრეზიდენტი იყო, რადგან მათი ერთადერთი იმედი და უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი დღეს მხოლოდ პრეზიდენტია ქვეყანაში. ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს, მათი ფუნქციონირების პერიოდში, ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ იმდენი, რამდენიც „ნაცმოძრაობისთვის“. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ევროპელი ამომრჩევლები და მოახლოებულ არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე