რეზონანსი
(23.04.2024)

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

"როდესაც საუბარია ევროპული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე რატომ ვერ დაარწმუნეთო. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე, ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ უნდა გაეხადათ ფინანსები გამჭვირვალე. არ უნდათ დაფინანსების გამჭვირვალობა, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ის განცხადებები, რომლებიც კეთდება. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ წარადგინოს წლიური დეკლარაცია?

ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, უბრალოდ, წელიწადში ერთხელ ენჯეო წარადგენს დეკლარაციას იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ინფორმირებული დაფინანსების წყაროს, მიზნების და ხარჯვის შესახებ. როდესაც ასეთ პირობებში მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენ არ გვინდა განვითარდეს ქვეყანაში ის პროცესები, რომლებიც ვითარდებოდა 2020-22 წლებში, მაშინ გახსოვთ, ორი ყოფილი ელჩი ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში ენჯეოები, იყო სხვა პროცესები, არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელშიც არიან ჩართული ენჯეოები, მათ შორის ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით. პირდაპირ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები ამაში ჩართული. ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს.

როცა ხორციელდება დაფინანსება, დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია პოზიტიურ აქტივობებზე, მაგრამ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი არის მიმართული არასწორი მიზნებისკენ. მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი გავლენა, სად არის არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ", - განაცხადა კობახიძენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე