რეზონანსი
(23.04.2024)

ვეკითხებით ბატონ ბორელს და სხვა, ნებისმიერ მეგობარს, პარტნიორს და მათ წარმომადგენლებს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა საქართველოს ევროპას? - ამ კითხვით მიმართავს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს.

აღნიშნული განცხადება მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს, ჩვენი პატივისცემა მას, ჩვენი დისკუსიის და ცხარე კამათის მიუხედავად და შევდივართ ამ ცხარე კამათში და ვეკითხებით ბატონ ბორელს და სხვა, ნებისმიერ მეგობარს, პარტნიორს და მათ წარმომადგენლებს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის, დავუშვათ, უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ვინმემ ამაზე პასუხი გაგვცეს. როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ. ამაზე პასუხი არ არსებობს.

მეორე - რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცას ვამბობთ, მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ, თქვენ ამბობთ, რომ ისედაც გამჭვირვალეა NGO სექტორი და როდესაც შემდეგ, ისედაც გამჭვირვალე კი არა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია ძალაში იყოს. ჩემი პირობა კი არ არის, ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად - ისევ დავაინფიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. „საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა - ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“-განაცხადა ბორელმა , ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე