რეზონანსი
(20.04.2024)

როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი, - განაცხადა „ქრონიკაში" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი განცხადებით, პარტნიორები აკვირდებიან გამჭვირვალობის კანონპროექტის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

„მოდით, ღიად ვისაუბროთ. ისინიც აკვირდებიან - თუ ამ აქციებს რაიმე შედეგი ექნება, ფიქრობენ, რატომაც არა, გაგრძელდეს ისევ გაუმჭვირვალედ ამ ფულის ხარჯვა იმ მიმართულებებით, რომლებიც მათ ან ადგილობრივ პოლიტიკურ ჯგუფებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ და ნუ გახდება ღია. ფიქრობენ, რომ „რაც უფრო ნაკლებად იქნება ჩვენი როლი ღია და რაც უფრო დაგვბრალდება კარგი ჩვენ და ხოლო რაც ცუდი იქნება - ადგილობრივებს, და არ გამოჩნდება დაფინანსების წყარო, მით უკეთესია". ამიტომ, აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ ეს პოზიცია უკავიათ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, საუბარი ეხება ყოველწლიურად დაფარულ ათეულობით მილიონ დოლარს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვართ პარტნიორები, ბოლომდე უნდა ვიყოთ. როგორც საქართველო არის ღია და არ აქვს დამალული არაფერი თავისი დასავლელი პარტნიორების მიმართ, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი. აქ ხომ არ არის საუბარი ერთ და ორ მილიონზე, ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარია, რომელიც არის დაფარული. შეიძლება, უამრავ კარგ საქმესთან ერთად კეთდება ისეთი პროექტები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასთან და ქვეყნის სუვერენიტეტთან აბსოლუტურად შეუთავსებელია და საერთოდ, მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს სცდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე