რეზონანსი
(16.04.2024)

ვინ რას ამბობს, ამის მიხედვით კანონი არც რუსული ხდება, არც ევროპული, არც ამერიკული და არც ქართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის დავით ხაჯიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით ხაჯიშვილმა მას ჰკითხა, თუ დუგინს, პესკოვს უხარია ამ კანონპროექტის მიღება საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი რუსულია, თუ ევროპული და თუ ევროსასამართლომ ასეთი კანონპროექტი ერთხელ უკვე გააუქმა ევროპაში, ეს კანონი რუსულია, თუ ევროპული.

„ვინ რას ამბობს, ამის მიხედვით კანონი არც რუსული ხდება, არც ევროპული, არც ამერიკული და არც ქართული. ჩანაწერების მიხედვით არის კანონი, თავისი დათქმების მიხედვით. ვინ რას ამბობს, ეს კანონის ვერც შინაარსს ცვლის, ვერც მიზნობრიობას და ვერაფერს. პოლიტიკური მანიპულაციები შეიძლება ამასთან დაკავშირებით, თორემ კანონში რა წერია, სხვა რამე და ვინ რა განცხადებას აკეთებს, კანონი იმის მიხედვით ვერც შინაარს შეიცვლის, ვერც ფორმას, ვერც არსს და ვერაფერს. კანონი არის ქართული, ამ შემთხვევაში. მართლაც რომ ადგეთ და რაღაც რუსულის ანალოგი დააინიციიროთ ოდესმე ხელისუფლებაში რომ მოხვიდეთ, რუსული იქნება იმის მიხედვით, რაც ეწერება შიგნით, თუ ანალოგი იქნება. ამ შემთხვევაში ანალოგთან არ გვაქვს საქმე. ესეც ტყუილი და სპეკულაციაა", - აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე