რეზონანსი
(15.04.2024)

ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს - ჰყვება, რომ მეუღლე ოჯახური კონფლიქტის დროს, დანის რამდენიმე დარტყმით მას შემდეგ მოკლა, რაც შვილების ჩამორთმევით დაემუქრა. ქალმა სამართალდამცველებს არჩადენილი დანაშაული დეტალურად აღუწერა, რის შემდეგაც ის მკვლელობის ადგილზე დააკავეს.

სასამართლოში ნატო ხელაძემ მკვლელობა უარყო. სავარაუდოდ, დაკავებულ ქალს არავინ დაუჯერებდა, რომ არა მისი 7 წლის შვილის ჩვენება. 7 წლის ბიჭის ნათქვამმა გამოძიება თავდაყირა დააყენა. "კურიერი P.S.-მა" არასრულწლოვანის ჩვენება მოიპოვა:

„ჩვენთან სტუმრები იყვნენ, დედა მამას ეჩხუბებოდა, მამა დაწოლილი იყო. ბიძიამ ფეხი დაარტყა ორჯერ მას თავში. სტუმრები წავიდნენ, სახლში დავრჩით მე დედიკო და მამიკო. მამამ დედას უთხრა, რომ პოლიციაში მივდივარ და ვეტყვი, რომ მირტყამდნენო, დედა ეუბნებოდა არ წახვიდეო. ამ დროს მან დედას ხელი დაარტყა. მალევე ჩვენთან მოვიდა მახო ბიძია, რომელიც მიუხლოვდა ძირს დაწოლილ მამას და დადგა მუხლებზე და მამიკოს უთხრა, ხომ გითხარი, გოჭივით დაგკლავო და დანა დაარტყა გულში, მამა აღარ მოძრაობდა, შემეშინდა და დავიწყდე ტირილი...“, - ამბობს ბავშვი ჩვენებაში.

მოკლულის შვილი და 13 წლის გერი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, ბავშვების ჩვენებით კი, გამოძიებამ რეალური სურათი აღადგინა.

5 ჭრილობა გულ-მკერდის არეში - გარდაცვლილის სხეულზე რამდენიმესაათიანი ცემის კვალიც აღმოაჩინეს. 32 წლის მალხაზ გოგიას მკვლელობის ბრალდებით, მისი ცოლის ძმა, მალხაზ ხელაძე დააკავეს. ჯგუფური ძალადობის და ცრუ ჩვენებისთვის აიყვანეს მეორე ძმა, ძმისშვილი და კიდევ ერთი პირი.

მალხაზ ხელაძეს მკვლელობის გასამართლებლად საკუთარი ვერსია აქვს, თუმცა არაფერს ამბობს, რატომ დაიბრალა დამ მისი დანაშაული.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე