რეზონანსი
(15.04.2024)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა იწყება. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი თავისი არსით დასავლურია და მოუწოდებენ ყველას, პროტესტის გამოხატვამდე დოკუმენტი კარგად წაიკითხონ.

კანონპროექტის დეტალური განხილვისთვის მზად არის ოპოზიციის ნაწილი. მეორე ნაწილმა კი, ცოტა ხნის წინ, ბრიფინგი გამართა და ინიციატივის პარლამენტიდან დაუყოვნებლივ გაწვევა მოითხოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროექტის კანონად ქცევა ვერ შეძლოს.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. დავიცვათ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს - კი, ევროპას. არა რუსულ კანონს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს, საქართველოს პარლამენტში არა მხოლოდ კანონის განხილვის, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის საკითხი წყდება.

"დღეს წყდება არა მხოლოდ კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, არამედ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკის არჩევანის წინაშე ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების, თქვენი ხმა ახალგაზრდები, სტუდენტების, ვისაც ნამდვილად აინტერესებს სად იქნება საქართველო რამდენიმე წელში, გააგონეთ თქვენი ხმა "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე