რეზონანსი
(06.04.2024)

ნაცები და ნაცენჯეოები არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნაცების და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში.

არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის!

მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს.ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!", - წერს მდინარაძე.

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების" პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტჩექერში.

შეგახსენებთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი" არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. ასევე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს.

სინამდვილეში ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი" არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს.

სწორედ რადიკალების მიერ მოყვანილი ცრუ ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ" საინფორმაციო ბანერებზე, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობოების ჩარევით სოციალურ ქსელში იბლოკება.

როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, სტილი ზუსტად იგივეა - როგორც „ნაცმოძრაობის" დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც. მათივე თქმით, როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე