რეზონანსი
(04.04.2024)

ის, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, კარგად გააზრებული საარჩევნო პოლიტიკის ერთი ნაწილია , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ახლა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ინიცირებას მის წინააღმდეგ დეზინფორმაციად აღიქვამს.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც შარშან მარტის აქციებზე იდგნენ, თავს მოტყუებულებად გრძნობენ, ამიტომ ახლა საზოგადოება რაც უფრო მეტად დაიცავს თავის ინტერესს, მით უფრო სუსტი იქნება მმართველი პარტიის პოზიცია.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადება. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს კანონი 9-დან 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მან ასევე მიუთითა პირველ პუნქტზე, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ ევროპისა და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია უნდა აღკვეთოს. ევროკავშირი ახლა ამ კანონის ინიციირებას მის წინააღმდეგ დეზინფორმაციად აღიქვამს.

ის, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, კარგად გააზრებული საარჩევნო პოლიტიკის ერთი ნაწილია. ისინი რამდენიმე მიმართულებით კომფორტულ გარემოს იქმნიან. ახლა, ყველა შემთხვევაში, „ქართული ოცნება" მოგებულ მდგომარეობაშია. თუ ეს კანონი გაუვიდათ, საკუთარ პოზიციებს გააძლიერებენ, რადგან ეს საინფორმაციო ველის მონოპოლიზაციის მცდელობაა და თუ არ გაუვიდათ, არც იმას გამოვრიცხავ, თქვან, რომ ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართ და ისევ უარი თქვან კანონზე.

ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც შარშან იქ ვიდექით, თავს მოტყუებულებად ვგრძნობთ, გარდა ამისა, ეს ნამდვილად არაევროპული კანონია, ამიტომ ვფიქრობ, რეაქცია ნამდვილად ექნება საზოგადოებას. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიმძაფრის პროტესტებს ვიხილავთ ქუჩაში. რაც უფრო ბევრი ხალხი გამოვა და რაც უფრო მეტად დავიცავთ ჩვენს საბაზისო პოზიციებს, მით უფრო სუსტი იქნება მმართველი პარტიის პოზიცია.

სამწუხაროდ, მე ვგრძნობ, რომ მმართველი პარტია არაფრის დამთმობი არ არის და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. ის სამი კანონპროექტი, რომელიც უკვე გავიდა, ეს უკვე ამის დადასტურებაა", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე