რეზონანსი
(04.04.2024)

არავინ გაბედოს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვისაც აქვს 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება შეფასებებს, გარეთ თუ შიგნით - ჩვენ ინიციატივის გახმოვანებისთანავე ვთქვით, რომ მზად ვართ საგნობრივ დისკუსიაში შევიდეთ ნებისმიერთან. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული არგუმენტი, თუ ვინმეს კანონის ტექსტში რაღაც არ მოსწონს, თავიდანვე ვთქვით, რომ ასეთი დისკუსიისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით გვესმის ისევ ტერმინები და ამ ყველაფრის შეფუთვის მცდელობა ისე, როგორც წარსულში გააკეთეს.

დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ მეტი ინფორმაცია და ჩვენც მეტი კომუნიკაცია და კიდევ უფრო მეტი გვექნება საზოგადოებასა და პარტნიორებთანაც. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გულისხმიერი დამოკიდებულებით მიუდგება ამ საკითხს და დიდ სურათშიც დაინახავს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, იმ ადამიანებს ვითარებაში გარკვევა არ გაუჭირდებათ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე