რეზონანსი
(04.04.2024)

მე მგონი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას რადიკალური ოპოზიცია სად იკრიბება, ვის ხვდება, - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას პრეზიდენტთან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა წარსულში ოპოზიციის დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

„როგორ არ რცხვენია ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც უშვერი სიტყვებიც ლანძღავდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს [საარჩევნო] კამპანიის დროს, შემდეგ უწოდებდნენ მას არალეგიტიმურად არჩეულს, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად? შემდეგ ეს ხალხი მივიდა, ეხვეწებოდა შეწყალებას, წერილებს უწერდნენ. ახლა უკვე მის გარშემო და მასთან იკრიბება ეს გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ ჰყავს ლიდერი, არ აქვს გეგმა, არ აქვს სამომავლო პროგრამა, არ ჰყავს გუნდი, რომელმაც რეგიონებსა თუ თბილისში უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მართლა შეუძლია რამის გაკეთება ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საპირისპირო უკვე დამტკიცებული აქვთ. ეს არის ხალხი, რომელიც ფულს იხდიდა საკუთარი ქვეყნის გაშავებაში, მილიონებს იხდიდა საქართველოს ანტირეკლამაში და ბოლოსდაბოლოს ეს არის ოპოზიცია, რომელიც თავის ქვეყანას ჩაუდგა ოპოზიციაში, თავისი ქვეყნის ოპონენტად გადაიქცა. და ახლა ზუსტად ეს ხალხია შეკრებილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან", - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რადიკალები იკრიბებიან მაშინ, როდესაც რაიმე დესტაბილიზაციის განხორციელების იმედი აქვთ. თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია არჩევნებში მარცხს წინასწარ არის შეგუებული და ცდილობს არჩევნების დისკრედიტაციას.

„ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე