რეზონანსი
(29.03.2024)

„ლელოს" შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დადეს ლელო და „ლელო" ვერ დადებს ლელოს ოქტომბერში, ეს შური ამოძრავებთ და ამიტომ აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო" უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებს და ასრულებს „პატრონების" დავალებებს.

„ქართული საზოგადოება ამას ხედავს და ოქტომბერში შესაბამის პასუხს გასცემს. ჩვენ ვნახეთ აქ სანიკიძე იქნება თუ „ლელო", რომლებიც სხვა ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას და არა საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რასაც ვამბობდით, რომ ეს არის მონური ფსიქოლოგია - მთავარია მათმა პატრონებმა თქვან რამე და ისინი არ ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ, სადაც ხაზგასმულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წვლილი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაში, ხაზარაძის პარტია გააღიზიანა. „იმედის" „ფეისბუქ"-გვერდზე, სადაც UEFA-ს სტატიის ციტატაა განთავსებული, პარტიის წარმომადგენლები UEFA-ს აგრესიულად აკრიტიკებენ და წერენ, რომ საქართველოს გამარჯვების საკითხში წვლილი მხოლოდ ფეხბურთელებს მიუძღვის და არა ფედერაციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე