რეზონანსი
(27.03.2024)

კიდევ კარგი სტრასბურგი ტერიტორიულად ცოტა შორს არის და არ არის მცხეთასთან, ქუთაისთან ან თბილისის რომელიმე უბანში, თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას. დარწმუნებული ვარ, ხალხს სცემდნენ, „დასკოჩავდნენ" კიდევაც მაგიდაზე, გვარამია ტაშს დაუკრავდა იქვე, შორს არ წავიდოდა იმ „კასტილიან" ადამიანთან ერთად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

ცაგარეიშვილის თქმით, სტრასბურგიდან მიღებული "მწარე პასუხებია" იმისი მიზეზი, რის გამოც მათ სურთ "ვეტინგი" და სასამართლოში შეჭრა."

"ეტყობა, გვარამიას უნდა, რომ როგორც ჭილყვავებივით შეესივნენ ქვეყანას მაშინ და ჯიჯგნეს ქვეყანა და სასამართლო, იგივე ბედი გაიზიაროს სტრასბურგმა. კიდევ კარგი სტრასბურგი ტერიტორიულად ცოტა შორს არის და არ არის მცხეთასთან, ქუთაისთან ან თბილისის რომელიმე უბანში თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას დარწმუნებული ვარ, ხალხს სცემდნენ, "დასკოჩავდნენ" კიდევაც მაგიდაზე, გვარამია ტაშს დაუკრავდა იქვე, შორს არ წავიდოდა იმ "კასტილიან" ადამიანთან ერთად. ეს აღარ არის და ვეღარ იქნება. ამიტომ, მათ თუ უნდათ, სამართალი ნახონ, თუ საქართველოში არ უნდათ, შეუძლიათ გაუდგნენ შორეულ გზას სტრასბურგისკენ. ეს აღარ არის მე-18 საუკუნე, როცა ჯორზე ამხედრებული სულხან-საბა 6 თვე მიდიოდა რომში, რომ რომის პაპი ენახა. ეს თანამედროვე სამყაროა, მათ შეუძლიათ აიღონ ბილეთი ქუთაისიდან ან თბილისიდან, გადაფრინდნენ სტრასბურგში, შეიტანონ სარჩელი და მიიღებენ მწარე პასუხს.

აქედან წაღებული უამრავი სარჩელი და ვერცერთი მოგებული საქმე. სწორედ ეს არის მათი გამწარების მიზეზი და იმიტომ უნდათ "ვეტინგი" და სასამართლოში შეჭრა, იმიტომ შექმნეს გარეთ სურათი, რომ აქ სასამართლო სისტემა ჩამომხობილი და განადგურებულია, არადა ყოველდღე ქვეყნდება რეიტინგები, სადაც სასამართლოზე საუბრობენ, რომ თავისუფალია, ეკონომიკაზე საუბრობენ, რომ ვითარდება და არათავისუფალ სასამართლო პირობებში ეკონომიკა ვერ იქნება თავისუფალი, სადაც საუბრობენ, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია, ქვეყანაში არავის აწამებენ, გუშინ გამოქვეყნდა, რომ ლამის პირველები ვართ მსოფლიოში. სად არის პრობლემა? - ერთი საქმე შეუძლია, რომ თქვას ჰერჩინსკიმ ან ვინმემ, რომ კონკრეტული მოსამართლე, კონკრეტულ საქმეზე იყო დაინტერესებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ქრთამი აიღო, გავლენას დაექვემდებარა? - ვერცერთ საქმეს ვერ იტყვის", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკური პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე