რეზონანსი
(20.03.2024)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სამინისტროს თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

„2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, უკვე გაზრდილი ხელფასის ზრდა მოხდა დამატებით 20%-ით, ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის არსებული ხელფასი დამატებით კიდევ 10%-ით გაიზარდა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს.

„პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს, თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის" მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში" შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე