რეზონანსი
(20.03.2024)

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ასევე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა კვლავ იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი.

„განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს, ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კუთხით, 1-ელი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა ქარელის და გორის მუნიციპალიტეტები, რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე და დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა, ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე მოვიკითხავთ ინფორმაციას თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები", - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე