რეზონანსი
(19.03.2024)

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს.

იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს. ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლისთვის. გადმოცემული ავტომობილები, საჩხერისა და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მერის მოადგილე - მალხაზ მერაბიშვილი და საჩხერის მერი - ლევან ივანაშვილი.

პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-8 სახანძრო-სამაშველო ავტომობილია. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე