რეზონანსი
(05.03.2024)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის, ავიაციის განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. დაგეგმილია პირველ რიგში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობას და განვითარებას. კერძოდ, წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. პროექტი უკვე არის წარდგენილი საზოგადოების წინაშე. ასევე დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც. წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშოები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის, ავიაციის განვითარებას და ზოგადა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე