რეზონანსი
(05.03.2024)

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - „ახალი ქართული წიგნი - მწერლების ხელშეწყობა“. კონკურის მიზანია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით. კონკურსისთვის 60 000 ლარია გამოყოფილი, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს - ქართველ ავტორებს, გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს. იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება. თითოეულ კონკურსანტს საკონკურსოდ შეუძლია მხოლოდ ერთი განცხადების წარდგენა.

„მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229, ან 599 877 816 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გამოქვეყნდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე