რეზონანსი
(04.03.2024)

„ნაციონალური მოძრაობა" ნაძარცვი თანხით, ლობისტების მეშვეობით, დღემდე აგრძელებს კამპანიის დაფინანსებას, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრისას განუცხადა.

„ამერიკაში მოქმედმა, „რუსულმა" კანონმა „ფარამ" გამოავლინა აი, ამ ჩვენი ხელმოცარულების მცდელობა, რომ ლობისტების დაფინანსებით, აი, ხელმოცარულები რომ გვყავს, ხაბეს შემცვლელი ჭიჭე ვაშაძე და სხვები, იქ შეხვედროდნენ თითქოსდა, სენატორებს, კონგრესმენებს და სულ ტყუილად! არ შეხვდნენ. ფული გადახდილია.

„ნაციონალური მოძრაობა" ნაძარცვი თანხით, ლობისტების მეშვეობით, დღემდე აგრძელებს კამპანიის დაფინანსებას, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს", - აღნიშნა ზარქუამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის" ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან" კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე