რეზონანსი
(04.03.2024)

ლობისტური საქმიანობა არაა უკანონო, მათი ვალდებულებაა თავის კონტრაქტორ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში „ფორმულას", ხელი შეუწყონ იმისათვის, რომ ამერიკელი სენატორები იყვნენ ინფორმირებული მათი წყაროებით, ანუ, „ფორმულამ" გარკვეული ინფორმაცია გადასცეს სენატორებს თავისი ლობისტების მეშვეობით, ლობისტების ანაზღაურებაში დახარჯულია დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, რომ საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებები გაკეთდეს.

„ამის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, სამწუხაროა, რომ ამას არ აქვეყნებენ თვითონ ჩვენი ოპონენტებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული ორგანიზაციები და კვლავ ამერიკული „ფარას" კანონით მოდის ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე. ერთი უბედურებაა, ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რომ თავისი შეხედულებების გატანა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ იცის. უცებ გამოჩნდება ვიღაც სენატორი, რომელიც იტყვის რაიმე მხარდასაჭერს „ფორმულას" ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და მათ უნდა ისე წარმოადგინონ, თითქოს ამაში არავის მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებია დახარჯული, ვერ მოხდა საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებების მობილიზება საერთაშორისო დონეზე, ამ შემთხვევაში აშშ-ს სენატი მაქვს მხედველობაში", - განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე