რეზონანსი
(04.03.2024)

მმართველი გუნდი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვაა და ის ადამიანის უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა აქვე ხაზგასმით აცხადებენ, რომ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული იქნება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ მათი ოპონენტები ემხრობიან პრინციპს, რომ უნდა აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა, მაშინ ამ კანონპროექტის პრინციპზე შეთანხმდებიან.

"ჩვენი ეს კანონპროექტის დაინიცირება, პრინციპი, რომ ლგბტ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს, არის არასწორი და ისინი ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას. პირდაპირ თქვან, თუ მაგარი ბიჭები და გოგონები არიან, თუ არ ემხრობიან, დანარჩენ ფორმატზე შევთანხმდებით. ჩვენ ვამბობთ, რომ პრინციპია მთავარი აქ, პრინციპს, თუ ეთანხმებიან, რომ უნდა აიკრძალოს ეს პროპაგანდა ფორმატზე შევთანხმდებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში არ შევიდეს. ცაგარეიშვილი აქვე ამატებს, რომ კანონპროექტი არ შეეხება უმცირესობის წარმომადგენლებს და მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

"უნდა მოგვარდეს ლგბტ პროპაგანდის პრობლემა, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი. არ უნდა აღწევდეს სკოლებში, ბაღებში, უმაღლეს დაწესებულებებში. აქვე ხაზი გავუსვით, რომ სექსუალური უმცირესობათა უფლებები ამ ქვეყანაში იქნება დაცული, არ შევზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას და გვინდა, აქ ოქროს შუალედი მოვძებნოთ", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე