რეზონანსი
(24.02.2024)

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან დღეს, 24 თებერვალს ორი წელი გავიდა. რა გავლენა იქონია ამ ომმა უკრაინის ეკონომიკასა და განვითარებაზე, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ მსოფლიო ბანკის უახლეს მონაცემებს გთავაზობთ.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრამ უკრაინის ეკონომიკას „განსაცვიფრებელი ზარალი“ მიაყენა. ქვეყანა 15 წლით დაშორდა მიღწეულ მიზნებს, გაიზარდა სიღარიბეც.

ამასთანავე, რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა, არამარტო უკრაინას, არამედ გლობალურ ეკონომიკას „დამანგრეველი შედეგი მოუტანა“. გავლენა ძირითადად იგრძნობა მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე, ვალის რეკორდულად მაღალ დონესა და მყიფე ეკონომიკურ გარემოზე, რაც გამოწვეულია კონფლიქტის ესკალაციის პირობებით.

როგორც მსოფლიო ბანკი იტყობინება, „უკრაინა სტაბილურად რჩება“. კერძოდ, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს, წინა წლის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, დაახლოებით 4,8%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდა განპირობებულია ელექტროენერგიის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის, უკეთესი მოსავლის და დამატებითი სახელმწიფო ხარჯების წყალობით.

მსოფლიო ბანკის ცნობით, კომპანიები ადაპტირდნენ საომარი მოქმედებების პირობებთან. საერთაშორისო ფირმები კი უკრაინაში კვლავ ოპერირებენ. ამასთანავე, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში უკრაინაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, „რაც აჩვენებს, რომ უცხოელი ინვესტორები კარგ შესაძლებლობებს ხედავენ“.

გასულ 2023 წელს უკრაინის მთავრობამ, პარტნიორების მხარდაჭერით, დააკმაყოფილა ზოგიერთი ყველაზე გადაუდებელი საჭიროება. მაგალითისთვის:

1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა საბინაო სექტორისთვის, უმეტესი ნაწილი დაზიანებული შენობების შეკეთებასა და რეკონსტრუქციას მიეძღვნა;

საავტომობილო გზებზე, მაგისტრალებსა და სხვა ეროვნულ გზებზე 2000 კილომეტრზე მეტ მანძილს გადაუდებელი რეაბილიტაცია ჩაუტარდა;

აღადგინეს დაახლოებით 500 საგანმანათლებლო დაწესებულება.

როგორც მსოფლიო ბანკი წერს, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება, აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და დონორების დახმარება. პარტნიორები მუშაობენ უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, მაგრამ „უკრაინის ამჟამინდელი და მომავალი დაფინანსების საჭიროებები უზარმაზარია“.

„კრიტიკული იქნება კერძო სექტორის ინვესტიციები და რეფორმები, რომლებიც აუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს. რეკონსტრუქციისა და აღდგენის ღირებულება 486 მილიარდ დოლარს შეადგენს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და აერთიანებს როგორც საჯარო, ისე კერძო სახსრების საჭიროებებს“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში.

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა 41 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ვალდებულებისა და დაპირების მობილიზება შეძლო, ამ თანხის უმეტესი ნაწილი გაცემულია. მობილიზებული კაპიტალის 90%-ზე მეტი კი დონორ ქვეყნებზე მოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე