რეზონანსი
(26.01.2024)

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამედიცინო ჰოლდინგის მენეჯმენტთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ რესპუბლიკური საავადმყოფო იმ პერსონალთან მუშაობას, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ სახელმწიფოს გეგმა და შეთავაზება კომპენსაციების ნაწილში, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციების გაცემის შესახებ გეგმა უკვე გააცნეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც დატოვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ვთავაზობთ 12-თვიან კომპენსაციას. ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა პროფესიულად, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს საქართველოში არსებულ კლინიკებში. იმ ადამიანებს, რომელთაც ვერ შევთავაზებთ, ან ჩვენი ტოლფასი შეთავაზება მაინც არ მოეწონებათ, ჩვენ ვპირდებით, რომ სამი წლის განმავლობაში, ახლა არსებული ხელფასი შეუნარჩუნდებათ უკლებლივ. ეს იქნება იურიდიულად გაფორმებული. შესაბამისად, იურიდიულად გაფორმებულ ვალდებულებაზე, ნდობასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, პრობლემა არ უნდა იყოს. ვცდილობთ, კომუნიკაციით ამ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ამ თემაზე გარანტია სახელმწიფოს აქვს აღებული და შესაბამისად, აუცილებლად შესრულდება.

რაც შეეხება იმავე ადგილზე საერთოდ აშენდება თუ არა კლინიკა, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მთავრობის დადგენილება, სადაც მთავრობას დავალებული აქვს კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ მოამზადოს პროექტი იგივე ტერიტორიაზე 500-საწოლიან, მულტიპროფილურ კლინიკასთან დაკავშირებით, რომელიც თავისთავად უკვე იურიდიული დავალებაა და შესაბამისად, სხვა ტერიტორიაზე გატანასთან, თუ მიწის კომერციულ ინტერესთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარია. ამ ტერიტორიაზე აუცილებლად აშენდება კლინიკა და მთავრობის დადგენილება აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მათ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს 5 თებერვლამდე მისცეს ვადა, რათა აირჩიონ რომელი საკომპენსაციო პაკეტით ისარგებლონ.

„თანამშრომლებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები სამედიცინო ჰოლდინგის მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებენ იმ ადამიანებთან მუშაობას, რომლებსაც რეალურად სახელმწიფოს გეგმა და შეთავაზება კომპენსაციების ნაწილში", - განაცხადა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე