რეზონანსი
(25.01.2024)

ოფიციალური ბაქო გეგმავს ადეკვატურად უპასუხოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო APA-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანი არა მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ზოგადად ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა არ ნიშნავს ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებში აზერბაიჯანის მონაწილეობის შეწყვეტას, ბაქოს პოზიცია განსხვავებულია", - წერს გამოცემა.

ამასთან, APA-ს ცნობით, აზერბაიჯანმა, შეიძლება, უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე