რეზონანსი
(15.01.2024)

დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები საქართველოსთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვერ წარმოუდგენია, რომელიც იტყვის, რომ არ არის დაინტერესებული ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით.

„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაა და იმ ფონზე, როცა საქართველო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დღითი-დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება, როგორც საქონლის, ასევე ენერგო რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება მათ შორის ისეთი დიდი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი. დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები საქართველოსთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იქნება. განსაკუთრებით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ფორმატში. ჩინეთთან ანალოგიური პარტნიორული ურთიერთობები აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია. გასულ წელს ევროკავშირის პირველი პირები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთგზის იმყოფებოდნენ ჩინეთში - ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნების უნდა დავსვათ მათი ხედვების თაობაზე? - საუბარია ორმხრივად მომგებიანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, რაც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორი ჩინეთის რესპუბლიკისთვის. ვინც კითხვებს სვამს, თუ რატომ ხდება ჩინეთში ვიზიტები და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, შეისწავლონ, დასავლეთის ქვეყნები თუ როგორ მიისწრაფვიან და მაქსიმალურად ცდილობენ ასეთ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვერ წარმომიდგენია, რომელიც იტყვის, რომ არ არის დაინტერესებული ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით", - განაცხადა მიქანაძემ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე