რეზონანსი
(15.01.2024)

ჩვენთვის მთავარია ის, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი საქართველოსთვის იყოს წარმატებული, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები იყოს სწორად და კარგად შეფასებული და რომ დროულად დავიწყოთ კონსულტაციები ევროკავშირთან იმაზე თუ რა გვჭირდება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც ბელგიაში იმყოფება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიებში წევრ სახელმწიფოებთან ერთად კანდიდატი ქვეყნებიც უნდა იყვნენ ჩართულები.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, რომ ევროკავშირი თავად უნდა მოემზადოს ახალი გაფართოებისთვის. ეს არის შედარებით ახალი თემა, რომელიც გასული წლიდან აქტიურად განიხილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ვერ მოხდება ევროკავშირის გაფართოება თუ ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ მოინდომებენ. აქედან გამომდინარე, დისკუსია ამ თემაზე უკვე უნდა წარიმართოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ კანდიდატი ქვეყნების მონაწილეობითაც. დისკუსიებმა, რომლებიც ევროკავშირის მომავალს შეეხება არ უნდა შეუშალოს ხელი გაფართოების პროცესს. ეს არის ზოგადად ყველა კანდიდატი ქვეყნის პოზიცია და იმ ქვეყნების, რომლებიც ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს გაფართოებას, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით თუ როდის დაიწყება საქართველოსთან მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან უცნობია როგორი იქნება პოლიტიკური კონფიგურაცია ევროპაში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირთან თავსებადი ქვეყანა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი და ევროკავშირის წევრობა. ეს იქნება არა მხოლოდ 9 ნაბიჯი, ეს იქნება ზოგადად ქვეყნის მომზადება იმისთვის რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის მიზანი, რომელიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს - საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც არის თავსებადი ევროკავშირთან.

მოლაპარაკებების გახსნა არის ცალკე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თარიღის დასახელებაც მე ახლა გამიჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამას სჭირდება არა მხოლოდ ევროკომისიის დასკვნები, არამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა არის მზაობა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პროცესის დასაჩქარებლად.

ზაფხულში დაგეგმილია ევროპული არჩევნები, ასევე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია არჩევნები. შესაბამისად, დღეს ჩემი მხრიდან რაიმეს თქმა იქნება მხოლოდ სპეკულაცია, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით როგორი იქნება შემდგომი ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების პოლიტიკური კონფიგურაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ქვეყანა იყოს მზად ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე