რეზონანსი
(30.12.2023)

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის გადარჩენის საქმეში უნიკალურია.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლი არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის უნიკალური, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, ზოგადად ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, მგონი დღეს არცერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. წინა, მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის მთლიანად განადგურებას. შეიძლება, დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ შეფასება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ, ყველა გამარჯვებაში, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, რომ იტყვიან ლომის წვლილი, მთავარი, უნიკალური როლი მან შეასრულა.

რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და მგონი, კითხვები აღარ არსებობს. თავად განმარტა ყველა მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში. მინდა, გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი, ბუნებრივია, ის, რაც ხდება რეგიონში, და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო, მსოფლიო წესრიგი, არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის. რაც მთავარია, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, მას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან, რადგან მომდევნო ათი წელი, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, სულ მცირე, მომდევნო ათი წელი. ამიტომ ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. აღარ გავაგრძელებ, თუ რამდენად გაამყარებს ეს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას", კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე