რეზონანსი
(29.12.2023)

გა­სულ კვი­რას ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ უპ­რე­ცე­დენ­ტო ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა. საქ­მე, რო­მე­ლიც მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს, წელს, 11 მა­ისს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და. იმ დღეს 21 წლის კახა კო­ბა­ხი­ძემ 50 წლის მამა და­ნით მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლო­ვა­ნებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით იჯდა კახა კო­ბე­რი­ძე. შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მას მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და.

3-კვი­რი­ან­მა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვამ ნაფიცი მსა­ჯუ­ლე­ბი ერთ აზ­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ თორ­მე­ტი­ვე ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა თქვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და კახა კო­ბე­რი­ძე სრუ­ლად გა­ა­მარ­თლეს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. ის დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამ ფაქტს ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი. დედა-შვი­ლის შეხ­ვედ­რის ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც კი გა­ავ­რცე­ლეს. „ჩემი შვი­ლი", „ჩემი შვი­ლი", - დიდ­ხანს იმე­ო­რებ­და ამ სი­ტყვებს დედა, რო­მელ­საც გულ­ში ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ჰყავ­და ვაჟი.

ნა­თია ჩარ­ბო­დაშ­ვილს ვთხო­ვეთ მო­ე­ყო­ლა, თუ რა­ტომ მოხ­და მათ ოჯახ­ში ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია:

„მთელი 7 თვე, რაც ჩემმა შვილმა ციხეში გაატარა, უმძიმესი იყო ჩემთვის. არც მიძინია. ხშირად მოვდიოდი ბატონი ზურაბ როსტიაშვილის ოფისში, ვხედავდი მის თავდაუზოგავ შრომას და იმედს არ ვკარგავდი. როცა ნაფიცებმა უდანაშაულოდ ცნეს ჩემი შვილი, იმის მერე რა ხდებოდა, არაფერი მახსოვს. ჩემი შვილი თავს იცავდა. მანამდე ჯერ მე ვიცავდი თავს ჩემი ქმრისგან, ამიტომ წავედი იმ დღეს სახლიდან და მეზობელს შევაფარე თავი. დანით გამომეკიდა და მეშინოდა, ეს ამბავი ცუდად არ დამთავრებულიყო. ბოლოს მაინც ცუდად დამთავრა ყველაფერი. 22 წელი ვიცხოვრე ამ ადამიანთან და ვიცი, ეს თავდაცვა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა ასე. მამა ძალიან უყვარდა, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ.

მოძალადე იყო, როცა თვრებოდა, ფხიზელი კი სულ სხვანაირი ადამიანი გახლდათ. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვეღარ აანალიზებდა, რას აკეთებდა. როცა ბრაზდებოდა, პირველ რიგში, დანებისკენ გარბოდა. დაგვდევდა დანით ან ცულით, ან წალდით, რაც ხელში მოხვდებოდა. ხშირად მეზობელთან გავქცეულვარ, იქაც მოვარდნილა, მეზობელსაც დამუქრებია. ძალიან ხშირად ჩემი შვილი გამოქცეულა ჩემთან ერთად და დავმალულვართ. ხშირად აწყნარებდა კახა მამამისს. მეტყოდა, მე დავამშვიდებო და ამას მართლა ახერხებდა, დააძინებდა და მერე ვბრუნდებოდი შინ. რომ გამოფხიზლდებოდა, ჩადენილს ნანობდა. პატიებას, ბოდიშს იხდიდა და ჩვენც ვპატიობდით. გვეცოდებოდა ოჯახის წევრი.

- სიყვარულით შექმენით ოჯახი?

- მე და კობა 22 წლის წინ დავქორწინდით. გამოვიდა, რომ სულ ბრძოლაში ვიყავი. სამი თვის გათხოვილი ვიყავი, 2 თვის ორსული, პირველად რომ იძალადა. მთვრალმა დაიძინა, 20 წუთში გაიღვიძა და საწოლთან რომ ვერ შენიშნა ჩუსტები, ამიტომ დამიძახა. მისვლისთანავე რამდენჯერმე გამარტყა სახეში, თმაზე მომქაჩა და მიყვიროდა, - აქ რატომ არ დამილაგე ჩუსტებიო? ეს იყო პირველი ფიზიკური ძალადობა, რამაც შემდგომ სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველი მისი დათრობა პრაქტიკულად, ძალადობა იყო; ან ვინმე უნდა ჩარეულიყო და დაეძინებინა, როცა გამოფხიზლდებოდა, ნორმალურად გახლდათ. მთვრალს მიზეზიც არ სჭირდებოდა, ელემენტარულზე შეეძლო ეჩხუბა, - ეს აქ რატომ არის და იქ რატომ არ დევს, ან საჭმელი რატომ არის ცივი და არ არის ცხელი?..

- ოჯახი მარტო ცხოვრობდით?

- საჩხერელი იყო ჩემი მეუღლე. როცა საჩხერეში ვცხოვრობდით, იქ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა მამამისი. ისიც ბევრჯერ გამხდარა ამ ჩხუბების მოწმე, თვითონაც ხშირად იყო მსხვერპლი. მამამისზეც უძალადია. მერე წამოვედით საჩხერიდან. ჩემმა მშობლებმა გვიყიდეს ბინა, ჩემს ქმარსაც უყიდეს მანქანა, იქნებ ხელს რომ შევუწყობთ, აღარ მოიქცეს ასე, გამოსწორდესო. დედაჩემმა ფულიც კი ჩადო ბიზნესში, ლილოს ბაზრობაზე აუღო ნივთები, რომ გაეყიდა და მოგება ენახა, მაგრამ ის ნივთები გაყიდა და ფული რესტორანში დახარჯა. ვერაფერი ვუშველეთ. თბილისში ბინა გავყიდეთ და სოფელში გადავედით საცხოვრებლად...

განსაკუთრებით უყვარდა ჩემი გრძელი თმის მოქაჩვა, მერე წონასწორობას ვკარგავდი და ვეცემოდი, მაფორთხიალებდა ძირს - ამ დროს მეორე შვილზე 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი და საათ-ნახევარი ჩამკეტა სოფლის ტუალეტში. თვითონ იჯდა და არაყს სვამდა. თან მაგინებდა, მემუქრებოდა, - მოვრჩები დალევას და უარესს გიზამო... საკმაოდ ხშირად სვამდა. მერე სულ ამბობდა, მაპატიეთ, აღარ დავლევ, ვიცი დამნაშავე ვარო და ვპატიობდით. გვჯეროდა, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ პირობა პირობად რჩებოდა და რამდენიმე დღეში ისევ სვამდა, არაფერი იცვლებოდა.

- ასე იცხოვრეთ 22 წელი. განქორწინება არ გიცდიათ?

- დიახ, 22 წელი არ არის ცოტა დრო. მთელი ახალგაზრდობა ასეთ დღეში გავატარე. თავიდან რომ ვესაუბრე დაშორებაზე, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, დამემუქრა. ამბობდა, სად უნდა წახვიდე, რომ ვერ მოგძებნო? გინდაც დამიჭირონ, გამოგჭრი ყელს, მაინც არ გაცოცხლებო. იმდენად აგრესიული იყო, მჯეროდა, ამას გააკეთებდა. შიში მქონდა, თან ჩემებითაც მემუქრებოდა, - ვისთანაც იქნები, იმათაც დავხოცავ, ერთ ავტომატს ვიშოვი, ყველანი რომ ერთმანეთზე დაგალაგოთ, შენებსაც გავწირავო. იმათაც ვუფრთხილდებოდი. გვეტყოდა ხოლმე, 17 წლისამ ორი პოლიციელი ისე მოვკალი, თვალი არ დამიხამხამებიაო.

- პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს?

- ყველამ ასე ვიცოდით, მეგობრებმაც, რომ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 16-17 წლისა დამიჭირეს და მოვიხადე სასჯელიო. ახლა, როგორც გაირკვა, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. მე რომ გავყევი, უკვე ნასამართლევი იყო, მაგრამ ეს ამბავი არ ვიცოდი, მერე გავიგე.

- როგორც ვიცი, თქვენი თანაცხოვრების დროსაც აღმოჩნდა ციხეში...

- დიახ, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სხვადასხვა ნარკოტიკსაც მოიხმარდა. ამის გამო იყო ნასამართლევი და შემდეგ ყაჩაღობისთვისაც გაასამართლეს. ეს ყაჩაღობა ოზურგეთში ჩაიდინა. ჩემი და ბავშვების თვალწინ ეწეოდა მარიხუანას, წამალიც გაუკეთებია. თავიდან, როცა ძმაკაცებს მოიყვანდა, სხვა ოთახში შეგვყრიდა და ისე იკეთებდნენ. ოთახიდან გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევდა, მერე უკვე ესეც მიატოვა და არც ბავშვებს ერიდებოდა. სახლში ნივთები, ავეჯი, ყველაფერი დაამტვრია. წინა დღეებში ტელევიზორის, სერვანდის შუშები ჩაამსხვრია, ცული აიღო და სამზარეულო მთლიანად დაჩეხა. რამდენიმე წლის წინ სახლს ბენზინიც დაასხა და ცეცხლიც წაუკიდა. ყველაფერს აკეთებდა, მისი შიში რომ გვქონოდა.

- ნათესავები ვერ გეხმარებოდნენ?

- ვერავინ. ძმა ჰყავს, პოლონეთშია რამდენიმე წელი. მასაც ემუქრებოდა. მეზობლის ბიჭები იყვნენ, იმათაც ყველას შიში ჰქონდათ. საჩხერეში მეზობლებსაც და აქაც ყველას შიში ჩაუნერგა. ამბობდა, რომ არავის ჰქონდა ჩარევის, თუნდაც საპატრულოში დარეკვის უფლება. დღესაც აღიარებენ მეზობლები, - შიში გვქონდა. თქვენ არ გინდობდათ და ჩვენ როგორ დაგვინდობდაო?

წყარო: გზა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე