რეზონანსი
(04.12.2023)

ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჯარში შემოვიტანეთ ორი საუკეთესო ბრენდის ბათინკი. ჩვენმა ოპოზიციამ კომპანიას მისწერა წერილი, რომ თავდაცვის სამინისტროს რასაც აწვდით, ორიგინალია თუ არაო, კომპანია დაგვიკავშირდა, ასეთი რამ არცერთი ქვეყნიდან არ გვინახავსო, ეს არის საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქართულ ჯარს უხარისხო საკვები და ფორმები მიეწოდება.

„აქ იყო ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც გამახვილებული ყურადღება, რაც ასევე რადიკალური სიცრუეა. ჩვენ „კოვიდ-19"-ის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, საწარმო ჰქონდეს სახელმწიფოს. კორონავირუსის პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა თავისი პროდუქციის წარმოება შეამცირა. ძალიან გაგვიჭირდა რაღაც პერიოდში, რომ მიგვეღო საჭირო ნივთები. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომლიდან, მივაღწიეთ, რომ დღეს 600 თანამშრომელი გვყავს.

რაც შეეხება ბათინკს, აქაც მოხდა, ნახეთ, როგორი პარადოქს: ჩვენ, ბატონი პრემიერის მინისტრობის დროს ჯარში შემოვიტანეთ ორი საუკეთესო ბრენდის ბათინკი და ჩვენმა ოპოზიციამ, სავარაუდოდ, ამ მტრულმა ძალებმა, ამ კომპანიას მიწერეს წერილი - თავდაცვის სამინისტროს რასაც აწვდით, ორიგინალია თუ არა ეს ბათინკიო. კომპანია დაგვიკავშირდა და, ასეთი რამ არცერთი ქვეყნიდან არ გვინახავსო. ეს რა არის, თუ არა დისკრედიტაცია საკუთარი ქვეყნის? კომპანიას სურვილი დაეკარგა ჩვენთან თანამშრომლობის. წარმოიდგინეთ ახლა, რამდენად უსაზღვროა ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალების ქმედება", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე