რეზონანსი
(04.12.2023)

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა კანონი უკრაინის ჯავშანტექნიკით უზრუნველყოფის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაცია ბულგარეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბულგარეთის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ დეპუტატები არასაკმარისად იცნობდნენ შემოწირულობის სპეციფიკურ პარამეტრებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, ობიექტურად შეეფასებინათ, საჭირო იყო თუ არა აღჭურვილობის გადაცემა. ამასთან, ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, გათვალისწინებული არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ომის პერიოდში დაკისრებული ამოცანები და პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები.

რუმენ რადევის თქმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ჯავშანტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სტიქიური უბედურებების და სხვა უბედური შემთხვევების დროს.

„ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს”, - განაცხადა რადევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე