რეზონანსი
(03.12.2023)

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. მისი თქმით, მოგების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები სახლში დავაბრუნოთ. შევასრულოთ ეს მისია, მაგრამ ასევე გავანადგუროთ "ჰამასი" და დავრწმუნდეთ, რომ ის აღარასოდეს იქნება ჩვენთვის საფრთხე და არ იარსებებს არც ერთი ჯგუფი, რომელიც ისრაელს ღაზიდან ემუქრება. გარკვევით ვამბობ - ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს. გამარჯვების და სახმელეთო ოპერაციის გარეშე, ამ მიზნების მიღწევის გზა არ არსებობს," - თქვა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 240-მდე პირი კი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 15 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, დაახლოებით 6 000 ბავშვი.

კატარის მედიაციით, ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ის 2-ჯერ გახანგრძლივდა და ჯამში 7 დღე გაგრძელდა. გავრცელებული მონაცემებით, ამ პერიოდში "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლდა 110 ადამიანი. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე