რეზონანსი
(24.11.2023)

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, უპირობო გათავისუფლებაა ნომერი პირველი პირობაა, რასაც კალანდია აყენებს.

აღნიშნულის შესახებ მან მიხეილ კალანდიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ"

„შევხვდი კალანდიას და ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ. ამ ეტაპზე, მიხეილ კალანდიას პოზიციაა უპირობო გათავისუფლება. დანარჩენი რეაბილიტაციის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი მოლაპარაკების საკითხია. თუ სახელმწიფოს სურს, დავა მორიგებით დასრულდეს, გათავისუფლებაა ნომერი პირველი პირობაა, რასაც კალანდია აყენებს", - აღნიშნა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან".

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ" დაცვის მახარეს 22 ნოემბერს ჩაბარდა.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე