რეზონანსი
(24.11.2023)

ცნობილი გახდა, რა თანხას გამოიმუშავებენ ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები და მათ შორის საქართველოს ნაკრები, თუ ეს უფლება მოიპოვა.

ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი რეკორდულ 371 მილიონ ევრომდე გაიზარდა. თუ საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში პლეი ოფის ბარიერს დაძლევს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, 9,25 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხას უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფს. გერმანიაში სულ 24 გუნდი ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაშის მოგებისთვის ნაკრები დამატებით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრეზე - 750 000 ევროს.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპზე საპრიზო თანხები ასე გადანაწილდება:

მერვედფინალში გასვლისთვის - 2 მილიონი ევრო;

მეოთხედფინალში გასვლისთვის - 3,25 მილიონი ევრო;

ნახევარფინალში გასვლისთვის - 5 მილიონი ევრო;

ფინალში დამარცხებული ნაკრები 7 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ევრო 2024-ის გამარჯვებული - 10 მილიონ ევროს. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონს შეუძლია ტურნირის განმავლობაში 34 მილიონ ევრომდე საპრიზო თანხა გამოიმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები შინ ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 მარტს „დინამო არენაზე" გაიმართება. პლეი ოფის ფინალში ჩვენი წყვილის გამარჯვებული საბერძნეთი-ყაზახეთს შორის უძლიერესს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე