რეზონანსი
(23.11.2023)

რუსეთის სამოქალაქო საავიაციო სფერო "ჩამოქცევის პირასაა", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სპეციალური კიბეროპერაცია ჩაატარა რუსეთის სახელმწიფო საავიაციო სააგენტოს "როსავიაციის" წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ოფიციალურ დოკუმენტებზე მოიპოვა წვდომა.

მიღებულ დოკუმენტებს შორის არის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში "როსავიაციაში" ყოველდღიურად მიღებული ანგარიშების სიაც, რომლებიც რუსული თვითმფრინავების ფრენის დროს დაფიქსირებულ ხარვეზებს, ინციდენტებსა და დაზიანებებს ასახავს.

დოკუმენტების თანახმად, 2023 წლის იანვრის შემდეგ, რუსეთის სამოქალაქო ფრენებისას 185 საჰაერო ინციდენტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთის ფედერაციაში თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. 2022 წლის იმავე პერიოდში კი, ასეთი მხოლოდ 50 შემთხვევა იყო აღრიცხული. შესაბამისად, უკრაინის დაზვერვის სამსახური განმარტავს, რომ რუსეთში ფრენების საფრთხე სამჯერ გაიზარდა.

რუსულ თვითმფრინავებისთვის ყველაზე პრობლემური ნაწილები ძრავები და დასაფრენი აღჭურვილობაა, ასევე ხარვეზები ხშირად აქვს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორებიც არის: ჰიდრავლიკის სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა.

უკრაინული დაზვერვა წერს, რომ რუსეთში სპეციალისტი ინჟინრების ნაკლებობაც არის, ამიტომ ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი თვითმფრინავები ირანში შეაკეთოს.

არსებული მონაცემებით, 2022 წლის მარტში რუსებს 820 უცხოური წარმოების სამოქალაქო თვითმფრინავი ჰყავდათ. ამ პერიოდში თვითმფრინავების მხოლოდ 10%-ს ჰქონდა გავლილი არასერტიფიცირებული რესტავრაცია, ახლა კი ასეთი თვითმფრინავების პროცენტული მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა.

დაზვერვის ცნობით, დეფიციტმა რუსეთი აიძულა ე.წ "თვითმფრინავების კანიბალიზმის" მეთოდისთვის მიემართა და შედარებით ძველი საფრენი აპარატები ახლების შესაკეთებლად დაეშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე