რეზონანსი
(22.11.2023)

მუშაობის ეს ფორმატი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, მათ შორის სამომავლო გეგმის შედგენისთვის, რადგან საკითხი რომელსაც ეძღვნება ეს ღონისძიება - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ", საქართველოსთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, თუ უმთავრესი არა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.

მისივე თქმით, საკითხებზე სწორად მუშაობის დაგეგმვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და ამ თვალსაზრისით ღირებულია კონფერენციის შედეგები.

„ეს კარგ შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს, მესამე ერთობლივ კონფერენციას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" მართავენ. კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციებზე, დისკუსიის და დიალოგის ხელშეწყობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე