რეზონანსი
(28.10.2023)

"ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანის გათხრებში მონაწილეობენ.

"ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა, ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 2023 წლის აგვისტოდან განაახლა.

აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან 17კმ-ის დაშორებით, ნიჩბისის თემში მდებარეობს.

ექსპედიციის ხელმძღვანელია "ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი.

ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვნისა და ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას 1980-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით.

2018 წლიდან "ევროპის უნივერსიტეტის" მხარდაჭერით, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა აღადგინა სრულფასოვანი კვლევითი საქმიანობა.

2018–2022 წლებში სამაროვანზე გამოვლენილი და შესწავლილია 72 სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაცულია "ევროპის უნივერსიტეტის" ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმში.

"ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მსგავს ექსპედიციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მუდმივად აქვთ, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე