რეზონანსი
(11.10.2023)

ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში მსჯელობენ.

ორდღიან მინისტერიალზე მოულოდნელი ვიზიტით რუმინეთიდან ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტიც.

ზელენსკი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ს შტაბ-ბინას პირველად ეწვია. მან ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთის კრიზისზეც ისაუბრა, ხაზი გაუსვა მსოფლიოს ცივილური ნაწილის ერთიანობის აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ მსოფლიო ლიდერები ახლა ისრაელის მოსახლეობის მხარდასაჭერად, ადგილზე უნდა ჩავიდნენ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზებაა საჭირო.

"ნატოს საერთო პოზიციაა: "თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი, ღირებულებებიც ჩვენი ღირებულებებია. ვიქნებით თქვენს გვერდით, ვიდრე ეს გჭირდებათ." დღეს ჩვენ გვჭირდება უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზება,ეს ეხება საჰაერო თავდაცვას და არტილერიასა.

ამიტომ მივესალმები რუმინეთიდან და გერმანიიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის მეტი მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვხედავთ,რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება კვლავ გამოიყენოს ზამთარი როგორც ომის იარაღი - ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, კიდევ უფრო წინწასული შესაძლებლობით. მნიშვნელოვანია,რომ ხვალ ისრაელის თავდაცვის მინისტრიც ჩაგვაყენებს საქმის კურსში ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელსა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა,"- აცხადებს სტოლტენბერგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე