რეზონანსი
(26.09.2023)

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადება - 3 ოქტომბერს დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სამთავრობო გუნდი 5 თავის დეპუტატს - ირაკლი კობახიძეს, მიხეილ სარჯველაძეს, ანრი ოხანაშვილს , თენგიზ შარმანაშვილს და გიორგი კახიანს მიავლენს.

პროცესზე კონსტიტუციონალისტი იქნება სამი დეპუტატი, ხოლო იურისტი ორი. სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება სალომე ზურაბიშვილსაც, თუმცა დაესწრება თუ პროცესს პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.

"5 დეპუტატს, ვისაც გვაქვს უფლებამოსილება მონიჭებული ჩვენი კოლეგების წარმომადგენლობის განხორციელების, შეგვიძლია რომ ხუთივე წარვდგეთ საკონსტიტუციოს წინაშე. საქართველოს პრეზიდენტს, ვინაიდან მისი იმპიჩმენტის პროცედურა განიხილება, კანონი აძლევს

შესაძლებლობას მიიღოს პროცესში მონაწილეობას, თუმცა როგორ მიიღებს ეს უკვე საკონსტიტუციოს საგანია და ადგილზე გაირკვევა." - ამბობს ანრი ოხანაშვილი

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."

უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა.საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს განიხილავს .

გადაწყვეტილება სასამართლომ 12 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი საკითხი პარლამენტში უნდა დაბრუნდეს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად "ქართულ ოცნებას" 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება. ამ დროისათვის მმართველ პარტიას 88 ხმა აქვს. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ენმ-ის ფრაქცია კი კენჭისყრის დღეს, საერთოდ არ აპირებს სასესიო დარბაზში შესვლას და იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს კოლეგა ოპოზიციონერებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე