რეზონანსი
(26.09.2023)

ჩემთვის პატივია ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სტუმრობა და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე საუბარი ამჟამინდელ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის საფუძველს მოკლებულმა და გაუმართლებელმა ომმა უკრაინაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები ნათელი გამოვლინებაა რუსეთის მცდელობების, ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები ევროპაში და დაშალოს უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა კონტინენტზე.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ნათელი გზავნილის გავრცელებას საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ 2008 წლის ომი არ უნდა იყოს მიჩნეული განცალკევებულ შემთხვევად, არამედ უნდა იყოს განხილული რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის კონტექსტში. ნამდვილად, საქართველომ უძლებდა რუსეთის აგრესიას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მოსკოვმა პირველი ომები სატელიტების მეშვეობით დაიწყო და შემდეგ განახორციელა აგრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა ომის ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით. თუმცა, იმ დროს ჩვენ არ მიგვიღია სათანადო რეაგირება. დასავლეთში ბევრმა ჩვენი პოზიცია გაზვიადებულად მიიჩნია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიუხედავად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში რუსეთის განმეორებითმა შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, მასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც. „დღესდღეობით დასავლეთი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას. საქართველო, რომელმაც პირველმა გამოსცადა რუსული აგრესია, მიჰყვება დასავლეთის მიდგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე