რეზონანსი
(26.09.2023)

ამჟამინდელი კომპლექსური რეალობის გათვალისწინებით, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში, სადაც კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორის, სამხედრო ინციდენტები ყარაბაღში, რუსეთის დომინანტური სამხედრო პოზიციები, ეკონომიკური გამოწვევები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში განაცხადა. მისი თქმით, რეგიონის თავისუფლების მოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა საჭირო რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „თუმცა, რეგიონი არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას. ბევრი დაინტერესებული მხარის ჩართულობის მიუხედავად, რაც ხშირად უშედეგო იყო, კვლავ ნარჩუნდება არეულობა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება კვლავ არ არის მიღწეული. საბედნიეროდ, ახლახანს ყარაბაღში განხორციელებული ესკალაციის მორიგი ეტაპი არ გადაიზარდა ფართომასშტაბიან შეტაკებებში. მომავალი გვიჩვენებს იქნება ეს თუ არა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრული. ამ კომპლექსურ ვითარებაში, საქართველო მხარს უჭერს მშვიდობის აღდგენასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას. საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის კომუნიკაციის ხელშესაწყობად და გააგრძელებს წვლილის შეტანას რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. ჩვენ, აგრეთვე, მივესალმებით შერიგების პროცესს თურქეთსა და სომხეთს შორის და გვჯერა, რომ ეს პროცესი ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას გამოიღებს შედეგად", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით. „შესაბამისად, სასწორზე ბევრი რამ დევს. შავი ზღვა დიდი პოლიტიკური დაძაბულობის სივრცეა, თუმცა, ამავდროულად, ის ერთობლივი მოქმედებისთვის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. ე.წ. „შუა დერეფანი" ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და იაფი სატრანზიტო მარშრუტია. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ შუა დერეფანი ისტორიული აბრეშუმის გზაა. საქართველო ყოველთვის იყო ამ გზის ნაწილი. უსაფრთხოების გარემოს ამჟამინდელი გაუარესება ზრდის სავაჭრო მარშრუტების ისტორიული მნიშვნელობის აღდგენის საჭიროებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გააძლიეროს თავისი როლი, როგორც ლოგისტიკურმა ცენტრმა და რეგიონში ბიზნესის კეთების კუთხით ჰაბმა. ამ მხრივ, საქართველო მოწადინებულია, მონაწილეობა მიიღოს ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში, რათა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. საქართველოს მიერ ინიცირებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი კარგი მაგალითია, რომელიც ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში დაეხმარება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე