სუს-ის განცხადების აქცენტებზე, კერძოდ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების ქვეყნის შიგნით არეულობაში შესაძლო ჩართვაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. "მთავარი აქტორები არიან ფარდის მიღმა. სუს-ის განცხადებაში, რასაც უნდა მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება, საუბარია ჩვენს სისხლსა და ხორცზე, ჩვენს მეომრებზე უკრაინაში, რომლებიც იქ იბრძვიან და რომელთა გამოყენება სურთ ამ სიტუაციაში. ეს ძალიან საშიში თემაა და ამიტომ მინდა საქართველოს მოსახლეობამ იფხიზლოს. უამრავი ცუდი ეპითეტის მიუხედავად, მე არასდროს განმისჯია და არასდროს მითქვამს ცუდი მათზე, ვინც იქ გულით ომობს და სჯერა, რომ ამას საქართველოს ერთიანობისთვის აკეთებს. ეს დასაფასებელია, განსხვავებით იმათგან, ვინც მათ ზურგსაა ამოფარებული, მხდალი და კურდღელი ადამიანები, ვითომ პოლიტიკოსები, ერთი კვირით რომ ჩავიდნენ და დაბრუნდნენ.
მაგრამ, უყურეთ რა არის საყურადღებო? როცა აქ წინასწარ დაგეგმილი პროცესებით, ტერმინებით "პუტინისტური ხელისუფლება" და მიმართვებით "შე რუსო" იქმნება აზრი, რომ შენს ქვეყანაში რუსული ხელისუფლებაა და შენ კი, ამ დროს უკრაინაში რუსს ებრძვი, განწყობა იქმნება და იქ მათ ვერაფერი შეაკავებს. ამიტომ, დაფიქრებაა საჭირო," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, დგება დრო, როცა დესტაბილიზაციის შესახებ მცირედი ვარაუდებიც კი, სათავეში უნდა აღმოიფხვრას. "დგება დრო, რომ მსგავსი ჩანაფიქრები სათავეშივე უნდა მოისპოს. ჩვენ კი, ვამბობთ, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ისიც ხომ ვნახეთ, როგორ მოხდა ახალგაზრდების, მათი ფეთქებადი ხასიათის გამოყენება და ტალღის აგორება ე.წ. „რუსულ კანონზე". საზოგადოების წევრებს, ვინც პოლიტიკაში არ არიან და სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ, დაფიქრდნენ, თორემ არაერთხელ ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. სამოქალაქო ომი გვქონდა, ერთმანეთს ვესროლეთ, მოვკალით კიდეც და საჯიშე ბიჭები მიწაში ჩავაწვინეთ. ვიცით ეს თემა და ის სულაც არ არის საქილიკო. სასაცილო არიან ისინი, ვინც გამოაგდეს წინ, ვაშაძეები, ხაბეიშვილები და სამნიძეები. მთავარია, მათ უკან მდგომები, რომლებიც აკვირდებიან პროცესებს, აბა გაიზრდება, თუ არა ხალხის რაოდენობა და შემდეგ თავიანთი მზაკვრული გეგმები შეასრულონ. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად," - განაცხადა დეპუტატმა. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შერიგების ხელი აფხაზი და ოსი ძმებისკენ, გაწვდილია. "რადგან გადავდგით ეს ნაბიჯი და ვიცავთ კონსტიტუციას, ასე უნდა დავიცვათ თითოეული მტკაველი ჩვენი მიწის. ასე ვაგრძელებთ ჩვენ, იმიტომ გვაქვს გაცხადებული მშვიდობიანი პოლიტიკა და ეს სპეკულაციები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან უნდა მოვსპოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ გულით და შინაგანი განწყობით ვართ მზად, მიუხედავად შეურაცხყოფისა, ტკივილისა, გავუწოდოთ ხელი ჩვენს ძმებს. ჩვენ ვაპატიეთ და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ყველა. ისინი კი, ვინც ქუჩაში არიან, ხომ ვიცით ვინც არიან, მხდალი და ლაჩრები თავიანთი ბელადიანად. სწორედ იმ სიმხდალემ ჩაადენინა ის დანაშაულები, რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა და ამიტომ არ გავახარებთ მათ არც პარლამენტში და არც მის გარეთ, ისინი უნდა გავრიყოთ პოლიტიკურად. მაგრამ ძალადობაზე ფხიზლად ვიყოთ და სათანადო პასუხი გავცეთ ყველა," - განაცხადა ყაველაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე